დენიელ სიგელი, თინა ბრაისონი
ბავშვური ისტერიკები შვილებთან
ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მხარეა. მშობლების
უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისტერიკაზე ერთადერთი საიმედო რეაქცია
იგნორირებაა. მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ სხვადასხვა
წარმოშობის ისტერიკა - მათზე რეაგირებაც ხომ სხვადასხვანაირი უნდა იყოს.
ქვემოთ იმის შესახებ ვისაუბრებთ, როგორ მართავენ ბავშვები სკანდალს და რა
ცვლილებებს განიცდის ამ დროს მათი ტვინი.
თუ წარმოდგენა გაქვთ ტვინის ზედა და
ქვედა ნაწილებზე, შეამჩნევთ, რომ არსებობს ისტერიკის ორი სახე. ტვინის ზედა
ნაწილიდან მომდინარე ისტერიკა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბავშვი
თვითნებურად ცდილობს მის, ასე ვთქვათ, აგორებას. ის შეგნებულად ირჩევს ისეთ
მოქმედებას, რომ შეძლოს თქვენით მანიპულირება და ტერორიზება, სანამ
საწადელს არ მიაღწევს. მიუხედავად ქცევის უკიდურესად დრამატული ხასიათისა,
ბავშვს შეუძლია, როგორც კი სასურველს მიიღებს, ისტერიკა მყისვე შეწყვიტოს.
ამ შემთხვევაში ბავშვი იყენებს ტვინის
ზედა ნაწილს. მას უნარი შესწევს, აკონტროლოს საკუთარი ემოციები და
სხეულებრივი რეაქციები, ლოგიკურად იმსჯელოს და მიიღოს გონივრული
გადაწყვეტილება. ასე რომ, პატარა გოგონა შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს,
როგორც სრულიად კონტროლდაკარგული არსება, რომელიც გამაყრუებელი ხმით
გაჰკივის ხალხმრავალ სუპერმარკეტში: „ახლავე მიყიდე ეს კაბა!" - მაგრამ
თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას და უბრალოდ
მანიპულირებს თქვენით.
მშობლებს, რომლებიც იცნობენ ე.წ. ზედა
ისტერიკას, ერთადერთი გამოსავალი აქვთ: არასოდეს დაიწყონ მოლაპარაკება
ტერორისტთან! ზედა ისტერიკა ითხოვს მკაფიო საზღვრების დადგენას და ნათელ
გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი -
მიუღებელი. ასეთ ვითარებაში მართებული იქნება მშვიდი ახსნა-განმარტება:
„მესმის, რომ ძალიან მოგეწონა ეს კაბა, მაგრამ მე არ მომწონს შენი
საქციელი. თუ ახლავე არ შეწყვეტ ყვირილს, ვერც ამ კაბას მიიღებ და ხვალ არც
საბავშვო ზეიმზე გაგიშვებ".
ამის შემდეგ აუცილებელია, პრაქტიკულად
განახორციელოთ ის, რაც სიტყვიერად განაცხადეთ, თუ ბავშვი ქცევას არ
შეიცვლის. ამით აჩვენებთ, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამგვარ გამოხტომებს,
ასწავლით, რომ სხვისი პატივისცემა და მოთმინება სათანადოდ ჯილდოვდება,
საპირისპირო საქციელი კი - არა. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია.
ამრიგად, თუ არ დაემორჩილებით „ზედა
ისტერიკის" გავლენას (განურჩევლად იმისა, რამდენი წლისაა თქვენი შვილი),
უფრო და უფრო იშვიათად მოგიწევთ ამ პრობლემასთან შეჯახება - ვინაიდან „ზედა
ისტერიკა" შეგნებული ქცევაა, ბავშვიც თავს დაანებებს მას, როგორც კი
დარწმუნდება, რომ ის უეფექტოა და ზოგჯერ საპირისპირო შედეგიც მოაქვს.
ტვინის ქვედა ნაწილის ისტერიკა სრულიად
სხვა ფენომენია. ამ შემთხვევაში ბავშვი ისე გამოდის მწყობრიდან, რომ ტვინის
ზედა ნაწილს ვეღარ იყენებს. როცა დაბანისას თავზე წყალს ასხამთ, თქვენი
პატარა გამწარებული იწყებს ყვირილს, სათამაშოებს აქეთ-იქით ისვრის და
მუშტებს გიქნევთ. ამ შემთხვევაში ტვინის ქვედა ნაწილი იმორჩილებს ზედას.
სტრესის ჰორმონები, რომლებითაც გაჯერებულია ბავშვის ორგანიზმი, აფერხებს
ზედა ტვინის სრულფასოვან ფუნქციობას. ამის შედეგად ბავშვი უნარს კარგავს, -
ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში, - აკონტროლოს საკუთარი ემოციები და
სხეული, გაითვალისწინოს თავისი ქცევის შესაძლო შედეგები, მოაგვაროს
პრობლემა ან ანგარიში გაუწიოს სხვის გრძნობებს. მას დაკარგული აქვს
ორიენტაცია. ბავშვს აღარ შეუძლია ტვინის სრულფასოვანი გამოყენება.
როდესაც ბავშვი დეზინტეგრაციისა და
ისტერიკის ამ მდგომარეობაში იმყოფება, მშობელს სრულიად განსხვავებული
რეაქცია მოეთხოვება. თუ „ზედა ისტერიკის" დროს მან მკაფიოდ უნდა მონიშნოს
ქცევის საზღვრები, „ქვედა ისტერიკაზე" მისი რეაქცია უფრო რბილი და
მანუგეშებელი უნდა იყოს.
პირველი, რაც ამ დროს უნდა გააკეთოს
მშობელმა, ბავშვის დამშვიდებაა. ზოგჯერ ეს მოფერებით, ალერსიანი
სიტყვებითაც ხერხდება, მაგრამ თუ ბავშვმა ისე შორს შეტოპა, რომ შეუძლია,
ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან თავის გარშემო არსებულ ნივთებს, საუკეთესო
გამოსავალია, ხელში აიყვანოთ ის, გულზე მიიკრათ და მშვიდად ესაუბროთ, თან
სხვა ოთახში გაიყვანოთ.
შეგიძლიათ, ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ და
სხვადასხვა მიდგომა მოსინჯოთ თქვენი შვილის ტემპერამენტის შესაბამისად,
მაგრამ მთავარი მაინც მისი დამშვიდება და ნუგეშია. ამ დროს აზრი არ აქვს
საუბარს მისი ქცევის მიუღებლობის ან მოსალოდნელი სასჯელის შესახებ - ტვინის
ქვედა ნაწილის ისტერიკის დროს ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია ამ ინფორმაციის
აღქმა და ათვისება, რადგან ეს ტვინის ზედა ნაწილის მონაწილეობას მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც ტვინის ზედა ნაწილი
თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, შეგიძლიათ, დაიწყოთ მსჯელობა
(„არ მოგეწონა, ასე რომ გბანდი თავს? აბა, როგორ გინდა დაგბანო?").
შეიძლება ბავშვის ქცევის შეფასებაც („ვიცი, ძალიან გაბრაზდი, როცა წყალი
სახეზე ჩამოგდიოდა, მაგრამ არავის ცემა არ შეიძლება, მაშინაც კი, როცა
ძალიან გაბრაზებული ხარ. შეგიძლია, უბრალოდ მითხრა: „მე ეს არ მომწონს,
გთხოვ, შეწყვიტე!"). თქვენს აღმზრდელობით მიდგომას ამ დროს უკვე შეუძლია
თქვენი როგორც მშობლის ავტორიტეტის განმტკიცება. ბავშვიც მალე აითვისებს ამ
გაკვეთილს, რადგან მის ტვინს უკვე შესწევს ინფორმაციის ადეკვატური აღქმისა
და ათვისების უნარი.
გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ
მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად კარგავენ წონასწორობას, მოზრდილებთან კი -
მაგალითად, 10 წლისებთან - ყველაფერი სხვაგვარადაა. თუმცა ისიც უნდა
ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვი (ზრდასრულიც კი!) ექვემდებარება
ქვედა ტვინის „შეტევებს" ემოციური დაძაბვის დროს. ამიტომ ცოდნა ზემოთა და
ქვემოთა ტვინის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ისტერიკის შესახებ ძალიან
დაგეხმარებათ ბავშვის აღზრდაში. სახელდობრ, გეცოდინებათ, როდის მონიშნოთ
მკაფიო ზღვარი და როდის მიმართოთ ალერსსა და თანაგრძნობას.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა
დენიელ სიგელისა და თინა ბრაისონის წიგნიდან:
Daniel
J. Siegel and Tina P. Bryson. The Whole-Brain Child: 12 Revolutionary
Strategies to Nurture Your Child's Developing Mind. Bantam 2012.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий